1 - შესავალი

ONLINE - კურსები - HTML

შესავალი

საიტის შექმნა ადვილია! თუ ძალიან მოინდომებთ, ამას ერთ დღეშიც შეძლებთ (!), იმისდა მიუხედავად, გქონიათ თუ არა შეხება პროგრამირების ენებთან. არც ისაა მთავარი, ჰუმანიტარული განათლება გაქვთ მიღებული თუ ტექნიკური! მეტი მონდომებისა და ძალისხმევის შემთხვევაში ვფიქრობ რომ, პრობლემები არ უნდა შეგექმნეთ.
 სცადეთ, იქნებ გამოგივიდეთ!
ამ სახელმძღვანელოს მიზანია, ძალიან მარტივად გასაგები ენით მოგიყვეთ თუ რა არის  HTML-ი და როგორ შეძლოთ მისი გამოყენებით რამდენიმე დღეში შექმნათ თქვენი პირველი საიტი. დიახ, რამდენიმე დღეში შეძლებთ თქვენი ნამუშევარი იხილოთ ინტერნეტში, თანაც ისეთი გიგანტების გვერდით, როგორიც არის Yandex.ru ან Mail.ru. რა თქმა უნდა, თქვენი საიტი თავისი შესაძლებლობებით გაცილებით მარტივი იქნება, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისისათვის. ვინ იცის, შეიძლება ისე გაიწაფოთ ამ სფეროში, რომ ხვალ თქვენი ბრენდითაც კი წარსდგეთ ინტერნეტ მომხმარებლის წინაშე, რომელიც საკუთარ პირობებს შესთავაზებს მსოფლიო ინტერნეტ-სამყაროს. გამორიცხული არაფერი არ არის, რადგან ოდესღაც ყველა ნულიდან იწყებდა!

ამ კურსის შესასწავლად თქვენ არ დაგჭირდებათ, რაიმე წინასწარი ცოდნა ან გამოცდილება. იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს, თქვენი პირველი შეხებაა კომპიუტერთან. ამ კურსის გავლის შემდეგ ადვილად შეძლებთ საიტის შექმნას!


შეგიძლიათ ერთ დღეში გაიაროთ რამდენიმე გაკვეთილი, თითო-თითო ან ყველა ერთად – ეს მხოლოდ თქვენს სურვილზე, თავისუფალ დროზე, შემართებაზე და პირად მოტივაციაზე არის დამოკიდებული. ყველა შემთხვევაში, ეცადეთ არ დაიზეპიროთ მოცემული მასალა, არამედ გაიგოთ. ამ კურსის შესწავლის შემდეგ, ადვილად შეძლებთ ენაში ორიენტირებას, ექსპერიმენტების ჩატარებას და გაცილებით მალე  შეძლებთ შედეგების მიღწევას.


არ არის საჭირო ტეგების დაზეპირება (ამის შესახებ, ძალიან მალე გაიგებთ) – მათი გადათვალიერება ყოველთვის შეგეძლებათ, თუ დაუბრუნდებით გაკვეთილს ან ისარგებლებთ ცნობარით, რომლის უფასოდ გადმოქაჩვა შეგიძლიათ ინტერნეტიდან. ეს მხოლოდ თავიდან დაგჭირდებათ. მუშაობის პროცესში ყველა ძირითად მცნებას ადვილად დაიმახსოვრებთ თავისთავად და ის თქვენი საკუთარი ცოდნის ნაწილი გახდება.


მზად ხართ? დავიწყოთ!